გუშინ რაც მოვისმინე, შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვისაც ახსოვს, ინტონაციითაც, ტონალობითაც ალბათ გაახსენდებოდა 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები. ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ. მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკნევიჩიანე, რომელიც ამავე დროს, ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, შეგახსენებთ, იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის, „ინფექცია“, „ხალხის ბრალია“. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ. ასევე, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა ქალბატონი იუკნევიჩიენე, ასევე სხვა მსგავსი მოძმე ბალტიელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები.
ეს არის, რაც მივიღეთ. ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკანაც. ჯერჯერობით ეს არის სადღაც 1989 წლის პერიოდი, როდესაც გორბაჩოვის „პერესტროიკაა“, ჯერ „პერესტროიკის“ დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია იქით არის, რომ სულ უკან უკან წავლენ, ბრეჟნევისკენ სავარაუდოდ. ასე რომ, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპარლამენტი დღეს თავისი ესთეტიკით, შინაარსით, ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.