ბრიტანულ გამოცემა The Sun-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ირანზე აშშ-ისრაელის დარტყმების დროს დახმარების გაწევაზე უარის გამო.
„ის [სტარმერო] საერთოდ არ დამეხმარა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას ვნახავდი. არასდროს მიფიქრია, რომ ამას ბრიტანეთისგან ვნახავდი. ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ურთიერთობა აშკარად აღარ არის ისეთი, როგორიც იყო “, - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ სჭირდება ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში ომის წარმოებისთვის, თუმცა აღნიშნა: „ამას მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ [სტარმერი] უნდა დაგვხმარებოდა. ვგულისხმობ, რომ საფრანგეთი შესანიშნავი იყო. ყველა მათგანი შესანიშნავი იყო. დიდი ბრიტანეთი სხვებისგან ბევრად განსხვავებული იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, 2 მარტს სტარმერმა პარლამენტს განუცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობას „არ სჯერა, რომ რეჟიმის შეცვლა საჰაერო დარტყმებით შეიძლება“.
მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ შეუერთდება აშშ-სა და ისრაელს ირანზე თავდასხმაში, მაგრამ ყურადღებას გაამახვილებს რეგიონში თავისი მოკავშირეებისთვის თავდაცვითი დახმარების გაწევაზე.
თებერვლის შუა რიცხვებში, გაზეთმა „Times“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა აშშ-სთვის სამეფო საჰაერო ძალების ბაზების ირანზე თავდასხმებისთვის გამოყენების ნებართვის მიცემაზე.
საუბარი იყო ბრიტანეთის საჰაერო ძალების ბაზებზე ინგლისის გლოსტერშირის საგრაფოს ქალაქ ფერფორდსა და ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ირანზე დარტყმის გეგმას ამუშავებდა, რომელიც ამ ბაზების გამოყენებას მოიცავდა.
1-ელი მარტის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში სტარმერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ირანზე დარტყმებში არ მონაწილეობის შესახებ კარგად იყო გააზრებული, რადგან ლონდონი მიიჩნევდა რომ სწორი იყო სიტუაციის მოლაპარაკებების გზით მოგვარება.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის დარტყმები საფრთხეს უქმნის როგორც ახლო აღმოსავლეთში მყოფ ბრიტანელებს, ასევე ლონდონის მოკავშირეებს რეგიონში. მისი აზრით, საფრთხის შეჩერების ერთადერთი გზა ახლა ირანული რაკეტებისა და გამშვები სისტემების განადგურებაა.
„აშშ-მა მოითხოვა ნებართვა ბრიტანული ბაზების გამოყენების შესახებ ამ კონკრეტული და შეზღუდული თავდაცვითი მიზნებისთვის. „ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაკმაყოფილოთ ეს მოთხოვნა, რათა ირანმა არ გაუშვას რაკეტები რეგიონში, რამაც შეიძლება უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლოს“, - განაცხადა სტარმერმა.