აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ძალიან იმედგაცრუებულია გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერით, რომელმაც, მისი თქმით, მას დიეგო-გარსიას ბაზის ირანზე დარტყმების განხორციელებისთვის გამოყენების ნებართვა არ მისცა. ამის შესახებ ტრამპმა The Daily Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის იურიდიულ ასპექტზე ღელავდა“, - განაცხადა ამერიკის ლიდერმა. მისი შენიშვნები ეხებოდა დიდ ბრიტანეთსა და მავრიკს შორის შეთანხმებას ჩაგოსის არქიპელაგზე სუვერენიტეტის გადაცემასთან დაკავშირებით.
თავდაპირველად, ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა აშშ-სთვის ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის აშშ-ბრიტანეთის ერთობლივი ბაზის გამოყენების ნებართვის მიცემაზე, რადგან მიაჩნდა, რომ ეს საერთაშორისო კანონმდებლობას დაარღვევდა. თუმცა, კვირა საღამოს, სტარმერმა შეცვალა თავისი პოზიცია და დათანხმდა ამ ნაბიჯს.
როგორც გამოცემა წერს, დიეგო გარსიას გარშემო არსებულმა დავამ პრეზიდენტი აიძულა, უარი ეთქვა პრემიერ-მინისტრის საკამათო ჩაგოსის შეთანხმების მხარდაჭერაზე, რომელიც ითვალისწინებს ინდოეთის ოკეანეში ამ ტერიტორიის საკუთრების უფლების გადაცემას მავრიკისთვის და მის ნაცვლად სამხედრო ბაზის იჯარის წესით მიღებას.
ტრამპის თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ძალიან სწრაფად დაამტკიცა მავრიკის მოთხოვნა არქიპელაგის დაბრუნების შესახებ, რაც არასაჭირო იყო. „ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით კირით“, - თქვა ტრამპმა.
„სამართლებრივი თვალსაზრისით, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მას უბრალოდ შეენარჩუნებინა ტერიტორიის საკუთრება და არ გადაეცა ის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კანონიერი მფლობელები არ იყვნენ“, - დასძინა მან.
მან დადებითად შეაფასა სტარმერის მიერ ვაშინგტონთან საბოლოო შეთანხმების მიღწევა, თუმცა ხაზი გაუსვა არასაჭირო დაგვიანებას. „ეს სასარგებლოა. თუმცა, ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ძალიან დიდხანს“, - თქვა ტრამპმა.