საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ მომზადებული ახალი პროექტის მიღების აუცილებლობას ვერ ხედავს.
"რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დეტალური ანალიზისგან უმჯობესია თავი შევიკავოთ, მაგრამ ევროპაში უკვე არსებობს უსაფრთხოების არქიტექტურა და მექანიზმები, რომლებიც ერთიან თამაშის წესებზე შეთანხმებას და ერთმანეთის დაცვას გულისხმობს. იმ კონტექსტში კი, როცა ერთ-ერთი სახელმწიფო ამ პრინციპებს არ იცავს, მიერ მიერვე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია", - განუცხადა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, მედვედევის მიერ ინიცირებულ ევროპული უსაფრთხოების ახალ პროექტში "უკვე არსებული მექანიზმების აღრევა ხდება".
ამასთან, ნინო კალანდაძის ინფორმაციით, ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის თაობაზე რუსეთის პროექტს რამდენიმე სახელმწიფო "გულგრილად შეხვდა".
შეგახსენებთ, რომ ევროპული უსაფრთხოების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ინიცირებული პროექტი უკვე გამოქვეყნდა.
პროექტი რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 29 ნოემბერს დაიდო (http://www.kremlin.ru/news/6152 ). პროექტის მიხედვით, შეთანხმების მონაწილეებს უფლება აქვთ სხვა მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა საკუთარ ტერიტორიაზე თავდასხმად განიხილოს და ერთმანეთს სამხედრო დახმარება გაუწიონ.
ინიციატივის თანახმად, ეს პუნქტი ეთანხმება გაეროს წესდების 51-ე პუნქტს, რომელიც თავდაცვის უფლებას ითვალისწინებს.
ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ხელშეკრულება ღიაა ევროატლანტიკური და ევრაზიული სივრცის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატოსთვისაც.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ნატოს, ევროკავშირის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების, დსთ-ს და ეუთოს ხელმძღვანელებს უკვე გადაეგზავნათ.
რუსეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტს პარტნიორების მხრიდან პოზიტიური გამოძახილი და შესაბამისად კონკრეტულ ელემენტებთან დაკავშირებით საგნობრივი საუბრის დაწყებაზე მოჰყვება.