შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე და ჩვენს ქართველობაზე, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განათლების რეფორმის საჯარო განხილვისას განაცხადა.
"საზოგადოება, რომელიც არ არის განათლებული არის მონების საზოგადოება, მათ მიმართ სიტყვა საზოგადოებაც კი არ იხმარება. ეს არის მონების შეკრება, თუ არა განათლება და დღეს რომ ეს რეჟიმი ეხება განათლებას, არის ძალიან ნიშანდობლივი. აქამდე რეჟიმი ეხებოდა ადამიანებს ფიზიკურად, რეპრესიული კანონებით, ციხით, მოწამვლით. ეს ყველაფერი არის მცდელობა, ადამიანების ქმედებები და ფიქრებიც კი შეზღუდონ. ასევე შეზღუდონ მათი თავისუფლება. მათ ვერ მიაღწიეს დაემონებინათ საზოგადოება და ის პროტესტი, რაც არის არა მხოლოდ ქუჩაში, არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ამ რეჟიმს, ამიტომ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რომელიც არის კიდევ უფრო პირდაპირი ომი გამოცხადებული საქართველოზე და საზოგადოებაზე, ეს არის სულიერი შეტევა. შეტევა განათლებაზე არის პირდაპირი შეტევა ჩვენს სულზე და ჩვენს ქართველობაზე. ასევე ჩვენთვის განათლება არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული დამოუკიდებლობასთან.
ჩაკეტილი განათლება დიდხანს ვერ იარსებებს. მათი მიზანია დავრჩეთ ჩაკეტილები და ჩამოგვაშორონ გარე სამყაროს. რამდენი უნივერსიტეტი იქნება შერწყმული ერთი მეორესთან, ეს ჯერ არ ვიცით. რაღაცეებს დაცინვით იძახიან და წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის წარმომადგენლები უნივერსიტეტებს ამ ფორმით დასცინოდნენ. ასევე ეს გაერთიანების თემა არის ამ უნივერსიტეტების აბუჩად აგდება, რადგან ასეთი მიდგომაა - მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, მინდა გავაერთიანებ, მინდა დავაშორებ, გავხსნი , მინდა ჩავკეტავ, მასწავლებლებს მე დავნიშნავ, ეს ხომ არის ჩადებული ამ ტექსტში.", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა .