აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ხუთშაბათს Reuters-ს განუცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოს შეხვედრამდე, შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთი, ვენესუელასთან დაკავშირებული ტანკერი Veronica დააკავა.
დეკემბრის შუა რიცხვებიდან ეს უკვე მეექვსე დაკავებაა. ხომალდებს ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა. ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადეს, რომ დაკავება კარიბის ზღვის აუზში მოხდა.
აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი Veronica „ინციდენტების გარეშე“ დააკავეს.
მონიტორინგის სერვისი TankerTrackers-ის გადაზიდვის დოკუმენტების თანახმად, გაიანას დროშის ქვეშ მცურავი Aframax-ის ტანკერი Veronica იანვრის დასაწყისში ვენესუელის წყლებიდან ცარიელი გავიდა. მათივე ცნობით, გემი ვენესუელაში არ დაბრუნებულა, როგორც ეს ბოლო დღეებში სხვა გემებმა გააკეთეს.
მედიის ინფორმაციით, Veronica (IMO 9256860) ნავთობის ტანკერია, რომელსაც რუსული გადაზიდვების კომპანია MG-FLOT LLC მართავს.