საუდის არაბეთის, კატარისა და ომანის ხელისუფლებამ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ უარი ეთქვა ირანზე თავდასხმის გეგმაზე. ამის შესახებ საუდის არაბეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა AFP-ს განუცხადა.
„სპარსეთის ყურის სამმა ქვეყანამ ხანგრძლივი, ბოლო წუთის, დიპლომატიური ძალისხმევა გასწია, რათა პრეზიდენტი ტრამპი დაერწმუნებინათ, რომ ირანისთვის მიეცა შანსი, გამოველინა მა თავისი კეთილი ზრახვები", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ქვეყნები შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აგრძელებენ, რათა „განამტკიცონ მოპოვებული ნდობა და შეინარჩუნონ არსებული პოზიტიური ატმოსფერო“.
მანამდე The Wall Street Journal იტყობინებოდა, რომ არაბულმა სახელმწიფოებმა, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით, აშშ-ის ხელისუფლებას სთხოვეს, თავი შეიკავონ თეირანზე დარტყმისგან და განაცხადეს, რომ ირანის რეჟიმის დამხობის მცდელობა ნავთობის ბაზრებზე არეულობას გამოიწვევს და საბოლოოდ აშშ-ის ეკონომიკას ზიანს მიაყენებს.
პაკისტანში ირანის ელჩის, რეზა ამირი მოგადამის თქმით, დონალდ ტრამპმა უკვე აცნობა თეირანს, რომ ის ქვეყანას თავს არ დაესხმება და სთხოვა, თავშეკავება გამოეჩინა და რეგიონში ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმა არ განხორციელებულიყო.
ირანში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავდა რამდენიმე „ძალიან მკაცრ“ ვარიანტს დემონსტრაციების დარბევისა და მთავრობის მიერ მომიტინგეებზე ზეწოლის საპასუხოდ.
The New York Times-ის ცნობით, ტრამპს ირანზე ახალი დარტყმების რამდენიმე ვარიანტი წარედგინა, მათ შორის თეირანში არასამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ.
თუმცა, 14 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ „სანდო წყაროების“ თანახმად, ირანის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მომიტინგეებს სიკვდილით არ დასჯიდა.