მმართველი პარტია ასრულებს რუსეთის მითითებებს ევროპასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა The Brussels Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
„განცდა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს საკუთარი და ბუნებრივი ევროპული მომავალი, ხალხში ღრმად არის განმტკიცებული. ისინი [მმართველი პარტია] აშკარად ასრულებენ რუსეთის მითითებებს ევროპასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ - რათა დაიწყონ ეს მკაცრი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართველებისთვის ბუნებრივი არ არის“, - ამბობს ზურაბიშვილი.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს.
მისივე თქმით, ეს ერთგვარი რთული ბრძოლაა იმ მრავალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელითაც ამჟამად მსოფლიო არის მოცული.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზურაბიშვილი დასავლეთისგან მხარდაჭერას და რაც მთავარია, მოქმედებას ითხოვს.
ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმოქმედობა საქართველოში ევროპის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე „უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან მათ სანქციების შესახებ მოწოდებები ესმით და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში არაფერი გაკეთებულა“.
„აღმოჩენა იმისა, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა ის ქვეყანა, რომელიც თითქმის ევროკავშირის კართან იყო, რუსეთის მიერ შთანთქმას გადაარჩინონ, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ევროპისთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე არ არსებობს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. მისი აზრით, ეს უბრალოდ აუცილებელი არ არის, რადგან კრემლმა უკვე დაამყარა კონტროლი საქართველოში სხვა საშუალებებით.
.„ვფიქრობ, რომ რუსეთმა გაკვეთილი მიიღო უკრაინისგან ოთხწლიანი ომის შემდეგ, რომელმაც არ გამოიღო ის შედეგები, რასაც ისინი იმედოვნებდნენ.
ამიტომ ახლა ისინი ცდიან, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს დაპყრობა ტერიტორიის დაკავების გარეშე, ჰიბრიდული საშუალებებით - პროპაგანდით, მარიონეტული მმართველობით და ქვეყნის ბედის კონტროლით - რაც მათ სტრატეგიულად სჭირდებათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის ნაწილი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.