2012 წელს როკის გვირაბის რეკონსტრუქცია დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთის სამშენებლო ინდუსტრიის დაწესებულებების სპეციალისტებმა როკის გვირაბის კაპიტალური რემონტის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყეს.
"ტრანსკამი - ეს ყველაზე მოკლე გზაა, რომელიც რუსეთს კავკასიის ქვეყნებთან და ახლო აღმოსავლეთთან აერთებს. მას რეგიონში "სიცოცხლის გზას" უწოდებენ, ვინაიდან ეს ერთადერთი სატრანსპორტო არტერიაა რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. როკის გვირაბი ასევე არის "გული" სტრატეგიული ფედერალური ტრასისა", _ წერს ოსური მედია და დასძენს, რომ ეს ურთულესი საინჟინრო ნაგებობა ჯერ კიდევ საბჭოეთის დროში აშენდა და მისი კაპიტალური რემონტი თითქმის 30 წელია არ ჩატარებულა. ამჟამად გვირაბის მდგომარეობა სავალალოა.
"ყველაზე ცხადად ეს 2008 წლის აგვისტოში გამოვლინდა, როდესაც ჩრდილოეთიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ამ გვირაბის გავლით ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და მანქანა შედიოდა", _ იუწყება ოსური მედია და აღნიშნავს, რომ ობიექტი 2010-2015 წლების ფედერალურ პროგრამა "დოროგი როსიი"-შია ჩართული.
სავარაუდოდ, გვირაბის რეკონსტრუქცია 2012 წლისათვის უნდა დაიწყოს. აღსადგენია მისი ჰიდროიზოლაცია, ელექტრომომარაგება, ვენტილაცია და დასაგებია ახალი გზის საფარი. სამუშაო დასრულება 2015 წლისათვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები