ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობა მზადაა ქართველი დევნილები ახალგორის რაიონში დააბრუნოს. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა გააკეთა. მისი თქმით, "ეს ტერიტორია 18 წლის განმავლობაში ოკუპირებული იყო საქართველოს მიერ და 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რეგიონი სამხრეთ ოსეთის მთავრობის კონტროლს ქვეშ გადავიდა ქართველები საკუთარი სახლები დატოვეს".
"ახლა მათ აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დაბრუნდნენ თავიანთ სოფლებში, დაამუშავონ მიწა, აიღონ მოსავალი, თუმცა საბოლოოდ მაინც ბევრი არ დაბრუნებულა", _ აცხადებს კოკოითი და დასძენს, რომ მათ კარგად ახსოვთ ისინი - "ვინც ჩვენი ხალხის დაღუპვაშია დამნაშავე და ისინიც ვინც პირადად მონაწილეობდა სისხლისღვრაში. 90-იანი წლებიდან დაწყებული დამწვარია 117 ოსური სოფელი. ამ ადამიანების პატიება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ქართველი ხალხი არ გვძულს. ბევრი ვიცი ისეთიც, ვინც დარჩა და იარაღით ხელში თავის მიწას იცავდა 2008 წლის აგვისტოში. ვიღაცამ მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო რათა სისხლში ხელი არ გაესვარა. ჩვენ გვინდა, რომ ისინი დაბრუნდნენ და აღდგენაში მონაწილეობა მიიღონ. ეს ადამიანები სწორედ ისეთ დახმარებას მიიღებენ, როგორსაც მათი ოსი მეზობლები. ჩვენ არ გვინდა ძველი ანგარიშების გასწორება, ჩვენ სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი ამოცანები გვაქვს", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი.
მასალის გამოყენების პირობები