"რუსეთის რკინიგზამ" სეპარატისტულ აფხაზეთში სარკინიგზო ლიანდაგის რეკონსტრუქცია დაიწყო. რუსეთის ხელისუფლებამ ამისათვის 2 მილიარდი რუსული რუბლის ოდენობით კრედიტი გამოყო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"ამჟამად სარკინიგზო ლიანდაგის აღდგენითი სამუშაოები სამი მიმართულებით მიმდინარეობს - "გაგრა-გუდაუთა", "ცანდრიპში-გუდაუთა" და "გუდაუთა-სოხუმის" გზის მონაკვეთებზე. სამუშაოების დროს ძველი სავალი ნაწილი ახლით იცვლება", _ იუწყება აფხაზური მედია.
სეპარატისტულ აფხაზეთში რუს რკინიგზელთა რამდენიმე სარემონტო ბრიგადაა ჩასული. რუსმა რკინიგზელებმა სოფელ ვესიოლოედან (მდ ფსოუ) - სოხუმამდე არსებული 130 კილომეტრიანი სარკინიგზო ლიანდაგი სამი თვის განმავლობაში უნდა აღადგინონ.
აფხაზეთში უკვე იმყოფება სპეციალური მოძრავი შემადგენლობის 600 ერთეული ტექნიკა და სამუშაოდ გამოგზავნილია რუსული კომპანიის 500 მუშა. სულ მდ. ფსოუდან-ოჩამჩირემდე რკინიგზის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას 800 მდე ადამიანი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთმა აფხაზ სეპარატისტებთან ე.წ. მთავრობათაშორისი შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც სეპარატისტებს გამოეყოფათ საექსპორტო კრედიტი 2 მილიარდი რუსული რუბლის ოდენობით რკინიგზის აღსადგენად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა სერგეი შამბამ, ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან კრისტინა ოზგანთან და ე.წ. აფხაზური რკინიგზის სამმართველოს ხელმძღვანელთან გურამ გუბაზთან ერთად რამდენიმე ობიექტის ინსპექცია ჩაატარა. ობიექტები ღია სააქციო საზოგადოება "რუსული რკინიგზას"-თან თანამშრომლობის მზადყოფნაზე შემოწმდნენ.