დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად გაზარდა აშშ-ის სამხედრო ყოფნა ლათინურ ამერიკაში და რეგიონში მსოფლიოში უახლესი და უდიდესი ავიამზიდი, USS Gerald R. Ford გაგზავნა.
ეს ნაბიჯი, რომელიც ოფიციალურად ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილად არის შეფასებული, ვენესუელასთან ურთიერთობების უკიდურესი გაუარესებისა და კოლუმბიის პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ფონზე განხორციელდა. იუწყება Reuters
პენტაგონმა განაცხადა, რომ USS Gerald R. Ford-ის დამრტყმელი ჯგუფი აშშ-ის სამხრეთ ნახევარსფეროს სარდლობის (USSOUTHCOM) პასუხისმგებლობის რეგიონში განლაგდა.
პენტაგონის წარმომადგენლის, შონ პარნელის თქმით, ეს ყოფნა „გააძლიერებს შეერთებული შტატების უნარს, გამოავლინოს, აკონტროლოს და შეაფერხოს არაკეთილსინდისიერი აქტორების საქმიანობა“, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აშშ-ის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას დასავლეთ ნახევარსფეროში.
განლაგება მნიშვნელოვან ესკალაციას წარმოადგენს რეგიონში, სადაც უკვე განთავსებულია რვა ამერიკული სამხედრო გემი, ბირთვული წყალქვეშა ნავი და F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავები.
სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, აშშ-ის სამხედროებმა კარიბის ზღვის აუზში 10 იერიში მიიტანეს გემებზე, რომლებსაც მათი განცხადებით, ნარკოტიკები გადაზგადაჰქონდა და რასაც ემსხვერპლა დაახლოებით 40 ადამიანი, მათ შორის ვენესუელელები,.
აშშ-მა გადაწყვეტილება ვენესუელასთან ურთიერთობების უკიდურესი გაუარესების ფონზე მიიღო.
ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია ადანაშაულებს ნიკოლას მადუროს მთავრობას ნარკოდილერების მფარველობაში. აგვისტოში კი მადუროს დაპატიმრებისთვის საჭირო ინფორმაციისთვის ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გააორმაგა.
სამხედრო ძალისხმევის საპასუხოდ, მადურომ ტრამპი გააფრთხილა, რომ თუ აშშ შეიჭრებოდა ქვეყანაში, „მილიონობით შეიარაღებული კაცი და ქალი მთელი ქვეყნის მასშტაბით მსვლელობას დაიწყებდა“.
სიტუაციას ის ფაქტი ართულებს, რომ ავიამზდის გაგზავნის გამოცხადებამდე სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე, ტრამპის ადმინისტრაციამ კოლუმბიის პრეზიდენტ გუსტავო პეტროს პერსონალური სანქციები დაუწესა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში დაადანაშაულა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე გამოაცხადა აშშ-ის კონგრესისთვის ნარკოკარტელების წინააღმდეგ ოპერაციების შესახებ ინფორმირების განზრახვა და არ გამორიცხა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება უშუალოდ ხმელეთზე ოპერაციები იყოს.