ჩვენ დღეს ვართ მოწმე იმის, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს პროტესტის ჩახშობას და რუსული მოდელის დამკვიდრებას, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვითა და თავისუფლების შეზღუდვით გამოიხატება. მისივე თქმით, ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაშია, რეჟიმი კი ვეღარ აკონტროლებს პროცესებს - „ქართული ოცნება“ შიდა დაპირისპირებისა და კრიზისის ეტაპზეა, ხოლო საზოგადოება უნდა დარჩეს გამძლე და სოლიდარული, რადგან ცვლილებების დრო ახლოვდება.
"26 ოქტომბრიდან გავიდა თითქმის ერთი წელი. ეს ერთი წელი ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, ძალიან მტკივნეული წელია, რამეთუ ჩვენ ვნახეთ პირველ რიგში, და ეს ამ დღეებშიც კიდევ უფრო დამძიმდა, ისტერიული რეპრესიები მშვიდობიანი საზოგადოების წინააღმდეგ. ეცადნენ, რომ გადაეყვანათ არამშვიდობიან სცენარებზე, მარამ არ გამოუვიდა რეჟიმს და ყველანაირად, ყველა ფორმით, უდანაშაულო ადამიანების დაჭერებით, დაჯარიმებით, დაშინებით ცდილობენ, რომ პროტესტი ჩაახშონ. გრძელდება რეპრესიები და კიდევ ახალი რუსული კანონები , ეს რუსული მოდელი ყველაფერში ვრცელდება და ახლა ველოდებით, რომ მიღებული იქნება ეს კანონი, რომელიც აკრძალავს ოპოზიციურ პარტიებს და ასევე პარტიების წევრების სპოლიტიკურ და საერთოდ საქმიანობას. ეს არის კიდევ ერთი ეტაპი ამ პოლიტიკური რეპრესიების და ამ რუსული სცენარის განვითარების, რომელიც ჩვენ ვნახეთ ამ 1 წლის მანძილზე, ოღონდ ბევრად უფრო აჩქარებულად, ვიდრე ეს მოხდა თავის დროზე რუსეთში.
ასევე, საქართველო შედის რუსეთის სივრცეში, რამეთუ აქ შემოდის სანქცირებული გემები, რომლებსაც შემოაქვთ სანქცირებული ნავთობი ყულევის პორტში. ჩვენ ვართ უკვე გზა იმისთვის, რომ რუსეთმა გვერდი აუაროს სანქციებს.
მაგრამ, ამ ერთი წლის მანძილზე, რეალურად, რეჟიმმა ვერაფერს მიაღწია. ვერ მიაღწია იმას, რომ დაერღვია ეს საერთაშორისო იზოლაცია. საზოგადოების პროტესტი ვერ ჩაახშო, თუნდაც ის დაკავებები, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი. ქვეყანას ვეღარ მართავენ. ეს რეჟიმი არის რეპრესიული, მაგრამ ეს არ არის რეჟიმი, რომელიც მართავს ქვეყანას და რაც მთავარია, ჩვენ დღეს ვართ მოწმე იმის, თუ რა ხდება, როცა რეჟიმი ვერაფერს აღწევს და როცა მისი დასრულების ჟამი იწყება. ეს არის შიდა დაპირისპირება, შიდა კრიმინალური გარჩევები, ხან სროლით და ხან ციხით დამუქრებით, მაგრამ ფაქტია, რომ სრული უნდობლობა დაეუფლა "ქართულ ოცნებას". ეს არის ის ბოლო ეტაპი, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ. უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ეს შეიძლება, ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდეს. დიდხანს არა, მაგრამ ჩვენგან საჭიროა გამძლეობა, გამძლეობა ამ რეპრესიების ფონზე, კიდევ მეტი სოლიდარობა.
26 ოქტობერი დადგება და იქ ვიქნებით ყველანი ერთად, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, რომ პროტესტი არ ქრება, რომ სოლიდარობა არ ქრება და საქართველო მუდმივია, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.