დეკემბრის ბოლოს ევროკომისიის ანგარიშში იქნება აღნიშნული, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩნსკის თქმით, ევროკავშირის მაგიდაზე ყველა შესაძლო ვარიანტი დევს, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება.
"რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს, მოცემულ მომენტში მიმდინარეობს ორი პროცესი. ერთი პროცესი უშუალოდ საქართველოს ეხება - მრავალი თვის განმავლობაში ჩვენ ძალიან ღიად ვამბობთ და ეს არის გაცხადებული ჩემი ბევრი ხელმძღვანელისგან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვხედავთ საქართველოს უკუსვლას დემოკრატიულ პრინციპებთან მიმართებით და ყველა ქმედების შედეგად, რომელიც განხორციელებული იქნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, უვიზო რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი შეჩერება. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მინისტრები ამ საკითხს რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილავენ და ეს დისკუსია კვლავაც გაგრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ზოგად რეგულაციებზე, რაც ეხება უვიზო მოგზაურობას ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომლებიც ახლა სარგებლობენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით. ეს დისკუსია ნოემბრის ბოლოს დასრულდება, დეკემბრის ბოლოს ევროკომისია გამოსცემს წლიურ ანგარიშს, სადაც აღნიშნული იქნება, რამდენად შეესაბამება საქართველო უვიზო მიმოსვლის რეგულაციებს და ამის შემდეგ წევრი ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ. ეს მარტივი გადაწყვეტილება არ იქნება - წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ რა გააკეთონ, შეაჩერონ ის სრულად თუ ნაწილობრივ. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, სპეკულირება არ შემიძლია და გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია და ის მიიღება კვალიფიციური უმრავლესობის მიერ. ვიცი, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.