„ღრმად შეშფოთებული ვარ მზარდი დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში გამართულ ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა“ - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
განცხადებას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებას სრულად პატივი სცეს და უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისუფლად და შიშის გარეშე მოქმედება შეძლოს“.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს უნდა ეფუძნებოდეს. ამ მნიშვნელოვან დროს მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან თავი შეიკავოს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ, რომ კანონიერი პოლიტიკური პროცესების ფარგლებში მუშაობის ვალდებულება აიღონ“, - აღნიშნა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დაძაბულობის შემცირების, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, დიალოგის მეშვეობით საზოგადოების ნდობის აღდგენისა და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას განაგრძობს“.