თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც „მეგობარ აქტში“ იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ შესახებ ჩანაწერი ამოღებულია.
„აღნიშნულ აქტში მეგობრული არაფერი იყო, იყო მხოლოდ და მხოლოდ მტრული. ყველა მითითება, რაც იყო მოყვანილი, დაფუძნებული იყო მხოლოდ სიცრუესა და ცილისწამებაზე, მხოლოდ მუქარებს ვისმენდით. ვინც იყო აღნიშნული აქტის ავტორი, ვიცით, რომ 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ გააშავოს ჩვენი ქვეყანა და ტყუილები ილაპარაკოს. ვნახოთ, იქაც არიან ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები. ჩვენ ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადება, რომ მზად ვართ, დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენდით წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.