არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „ფეისბუქზე“ წერს. ის დაკავებულ ექიმს, გიორგი ჩახუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
„ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს. გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ. ვერ წარმომიდგენია, რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის! არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგამს და ასეთი დღეს სახელმწიფოა. ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს - უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით, ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს“, - წერს ამირან გამყრელიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. ჯამში, ათონელის სასახლეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის დაპატიმრებულია 44 პირი.