ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა, აიღებ და რასაც გინდა, არა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დამნაშავეებსაც პროფესია აქვთ, მათ შორის ქურდსაც და სახელმწიფოს დამამხობელსაც.
„შედარება მამუკა ხაზარაძის მორალთან შეიძლება, რომელსაც უნდოდა, რომ ანაკლიის პორტი სულ მოგებაში ყოფილიყო. გახსოვთ, ბიუჯეტიდან გარანტიას ითხოვდა, რომ პორტს მოგება თუ არ ექნებოდა, მოქალაქეებს ბიუჯეტიდან უნდა დაგვემატებინა ფული. ისეთი ბიზნესმოდელი უნდოდა, რომლის წაგებაც გამორიცხულია. მათი რეაქციები ზუსტად ასე ჩანს – სახელმწიფო გადატრიალებისას მოგებულები მხოლოდ ისინი უნდა ყოფილიყვნენ. ვინც სახელმწიფო გადატრიალებაზე მიდის, უნდა აცნობიერებდეს, რომ სახელმწიფო გადატრიალებას და ჩავარდნილ ხელისუფლების დამხობას პასუხისმგებლობა მოჰყვება. მამუკა ხაზარაძის მორალი არც ანაკლიაში გავიდა და ქვეყნის დამამხობელთა მორალი, რომ თითქოდ, მხოლოდ ერთი შედეგის იმედი ჰქონდათ, არ გავა. გათვლა, რომ მხოლოდ მოგებულები დარჩებოდნენ, არასწორია. შესაბამის პასუხისმგებლობასაც იღებენ.
ჩავარდა სახელმწიფო გადატრიალება, ჩავარდა ხელისუფლების დამხობა და ამ ყველაფერს პასუხისმგებლობა მოჰყვება. ის ვინც ბედავს და იჩენს სიმამაცეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი [გიორგი ჩახუნაშვილი], რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა რომ იქ შესულიყვნენ,
იმის სითამამეც ეყოს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა აიღოს. ცხოვრება თვითმომსახურების მაღაზია არ არის, სადაც რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ - არავის ჰქონდეს იმედის იმისა, რომ პასუხისმგებლობას გაექცევა! მით უმეტეს, როდესაც ადამიანს რაღაც ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, როდესაც რაღაც ნაბიჯზე მიდიხარ, კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობის სითამამეც უნდა გქონდეს.
პროფესია ყველას აქვს - ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც! პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ ვერ მოხდება - გაუგებარია ეს რა მორალია.
ცხადია, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, დაიწყო ამ მოწოდების აღსრულება - პირდაპირ ეთერში ვნახეთ ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ.
თუკი იმის სითამამე ეყოთ, რომ 4 ოქტომბერს, 4-საათზე ქვეყნის დამხობაზე წასულიყვნენ, კეთილი ინებონ და იმის სითამამეც ეყოთ, მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წარუმატებლად დამამხობლებს ეკისრებათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.