საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა 23 სექტემბრის განცხადებით მხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობის მიზნით დაორგანიზებულ 4 ოქტომბრის შეკრებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებიდან ათი დღის განმავლობაში ბრიუსელს მოუწოდებდა, რომ განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული.
„დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, რომელიც ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუ იქნებოდა ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ, მან შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მსგავსი განცხადებები ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებაზე სიტყვიერი თავდასხმის მაგალითია, რაც უნდა დასრულდეს.
„წარმოუდგენელია, რომ ერთი ბიუროკრატის მხრიდან, რომელიც არავის მიერ არ არის არჩეული და დანიშნულია საკუთარი ხელმძღვანელობის მხრიდან, ვისმენდეთ თავდასხმას ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებაზე. აქ ზედმეტია საუბარი ევროპულ სტანდარტებზე, ეს არის მიუღებელი, როდესაც არაარჩეული ბიუროკრატი როდესაც თავს ესხმის სხვა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. პრესსპიკერი ძალიან გაიტაცა შედარებებმა, რაღაც მითითებებმა რუსულ სახელმძღვანელოზე, სპეცსამსახურებზე და ა.შ. აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდაა, რასაც ის ეწევა. პროპაგანდას რომ ეწევა, გასაგებია, მაგრამ პროპაგანდასაც რაღაც თავისი სტილი ხომ უნდა ჰქონდეს. ის ეწევა აბსოლუტურად მდაბიო პროპაგანდას ქართველი ხალხის მიმართ, ეთნიკური ეპითეტების გამოყენებითა და ხან რუსული სახელმძღვანელოს მითითებით, ხან რას ამბობს ეს ადამიანი და ხან – რას. ეს მიუღებელია. გუშინაც დავწერე და დღესაც მინდა, ვთქვა – ყოველ ჯერზე, როდესაც ის გამოჩნდება და ქართველი ხალხის, მისი არჩეული ხელისუფლების მიმართ რუსული ეპითეტებით ჟონგლიორობას დაიწყებს, ყოველ ჯერზე მიიღებს საკმაოდ მკაფიო პასუხს ჩვენგან. შეუძლებელია, ასეთი მიდგომები ქართველმა ხალხმა მოითმინოს, როდესაც მას აბსოლუტურად არაფრად აგდებენ. ზემოდან ყურებით გამოდის ერთი ბიუროკრატი და თავს ესხმის ქართველ ხალხს, მის არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.