ოთხშაბათს საღამოს, გერმანიის ქალაქ გეილენკირხენში, საჰაერო ბაზის თავზე, სადაც ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავები არიან განლაგებული, უცნობი დრონი შენიშნეს. იუწყება Spiegel
Spiegel -ის ცნობით, ოთხშაბათს, საღამოს 7:00 საათის შემდეგ, გეილენკირხენის ბაზის მიმდებარედ, ფრენის აკრძალულ ზონაში საეჭვო დრონი შენიშნეს.
გამოცემის ცნობით, დრონი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჰაერო ბაზის ასაფრენ ბილიკზე დაბალ სიმაღლეზე ერთი წუთის განმავლობაში დაფრინავდა.
სამხედრო პოლიციამ ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა სამოქალაქო პოლიციას, თუმცა მათ ვერ შეძლეს დრონის ან მისი ოპერატორის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება.
გეილენკირხენის საჰაერო ბაზის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დრონის აღმოჩენის შემდეგ ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დაუყოვნებლივ გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერი იპოვეს.
მედიის ცნობით, გეილენკირხენში მდებარე ნატო-ს ბაზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო სივრცის მონიტორინგში, სადაც განთავსებულია რამდენიმე დიდი AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი.
თავისი მნიშვნელობის გამო, ბაზა ერთ-ერთი სამხედრო ობიექტია, რომელსაც ბუნდესვერი განსაკუთრებით ყურადღებით იცავს.