ხუთი ევროპარლამენტარი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ერთობლივი განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი , მუნირ სატური, სერგეი ლაგოდინსკი, ნილს უშაკოვსი და რასა იუკნევიჩიენე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები „შეზღუდულ გარემოში ჩატარდა, “ქართული ოცნების” თვითდანიშნული ოფიციალური პირების მიერ სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე თვეების განმავლობაში მიმდინარე რეპრესიების კონტექსტში“.
„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ოფიციალურმა პირებმა ფაქტობრივად აღკვეთეს სანდო საარჩევნო დამკვირვებლების დასწრება - ეუთო/ოდირისთვის დაგვიანებით გაგზავნილი მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვებით ხელი შეუშალეს ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას”, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ასევე, შეშფოთებას გამოთქვამენ „არჩევნების შემდეგ ქუჩებში ძალადობრივი შეტაკებებით და ყველას სიმშვიდისკენ“ მოუწოდებენ.
„ქართულ ოცნებას მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს დემონსტრანტების დაპატიმრება და უკანონოდ დაკავებულები გაათავისუფლოს.
ასევე ვგმობთ მზარდად აგრესიულ კამპანიას ევროკავშირის წინააღმდეგ, მათ შორის პერსონალურ თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკე წევრ სახელმწიფოებზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები გმობენ, “ქართული ოცნების გამოცხადებულ განზრახვას, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალი კულმინაცია იქნება”.
„ვიმეორებთ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოებისადმი ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ იმოქმედონ და პერსონალური სანქციები შემოიღონ “ქართული ოცნების” საკვანძო პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო თაღლითობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ”, - ნათქვამია განცხადებაში.