მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პაატა მანჯგალაძეს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.