"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარის მოადგილე, იგორ ნარმანიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
პარტია აღნიშნავს, რომ შსს-ს გაკეთებული განცხადებები არის ფაქტების უხეში დამახინჯება.
"შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება მიანიშნებს, თითქოს ადგილი ჰქონდა ორმხრივ, ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას, მაშინ როდესაც იგორ ნარმანიას მიზანმიმართულად და დემონსტრაციულად თავს დაესხა რამდენიმე პირი.
აღნიშნული თავდასხმა არ იყო სპონტანური ხასიათის, არამედ იყო წინასწარ ორგანიზებული და მიზნად ისახვდა ერთი მხრივ, ახალგაზრდებში და მშობლებში ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით შიშის დანერგვას და მეორე მხრივ, იგორის ხვალინდელი პროცესებიდან განეიტრალებას.
შსს-ს გაკეთებული განცხადებები არის ფაქტების უხეში დამახინჯება საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით, რათა არ გამოავლინონ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერვე ორგანიზებული ძალადობის ავტორები და ჩვეული დეზინფორმაციით, ორმხრივ დაპირისპირებად წარმოაჩინონ იგორ ნარმანიაზე თავდასხმის ფაქტი.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც პროტესტში პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული, იგორ ნარმანია ხელმძღვანელობს გამორჩეულად მებრძოლი და პატრიოტი ახალგაზრდების მოძრაობას და ამდენად, განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს რეჟიმისთვის, - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, მეტეხის ხიდთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
"სამართალდამცველების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და ტაძრის მსახურ პირებს შორის, მეტეხის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე კონფლიქტი წარმოიქმნა. ტაძრის მსახურებს გამოესარჩლნენ იქვე მყოფი მოქალაქეები, რის შემდგომაც სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
პირველადი ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაზიანებები მიიღეს კონფლიქტში ჩართულმა პირებმა - როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ასევე ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებმა". - წერია შსს-ს განცხადებაში.