რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ევროპელმა დიპლომატებმა პირადად გააფრთხილეს მოსკოვი, რომ მზად იყვნენ რუსული გამანადგურებლების ჩამოსაგდებად ნატო-ს საჰაერო სივრცის შემდგომი თავხედური დარღვევის შემთხვევაში, „რუსოფობიით გაჟღენთილი ფანტაზია“ უწოდა.
ზახაროვამ კითხვა დაუსვეს გამოცემა Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„მგონია, რომ ეს მხოლოდ ამ კონკრეტული დასავლური სააგენტოს მორიგი ფაბრიკაციაა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ეს ინფორმაცია „შეთხზული იყო დასავლეთ ევროპელების სრულიად რუსოფობიური, აგრესიული და არანორმალური რიტორიკის თემის გასაძლიერებლად“.
„ვფიქრობ, ეს კეთდება განზრახ და სპეციალურად, რათა გაძლიერდეს ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამ აგრესიულ რიტორიკას ამწვავებენ, რუსეთის გარშემო არსებულ ატმოსფეროს და მთლიანად ევროპის კონტინენტის მომავალს... ისინი მუდმივად საუბრობენ მილიტარიზაციის აუცილებლობაზე, ჩვენს ქვეყანასთან სხვადასხვა მეთოდით გამკლავებაზე, ადანაშაულებენ მას დრონებში, კიბერშეტევებში და ა.შ.“, - დასძინა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, გუშინ გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ევროპელმა დიპლომატებმა პირად საუბრებში გააფრთხილეს კრემლი, რომ ნატო მზადაა უპასუხოს რუსული თვითმფრინავების მიერ მისი საჰაერო სივრცის შემდგომ დარღვევებს, მათ შორის მათი ჩამოგდებით.