თუ ადამიანს იარაღს წაართმევ, ეს ძალადობა არ არის, შესაბამისად, ლევან ჯობავას წინააღმდეგაც არაფერი იქნება - გამოძიება არა ჯობავას წინააღმდეგ, არამედ თვითონ ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ის გამოეხმაურა ადვოკატის განცხადებას, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილის, ლევან ჯობავას წინააღმდეგ, რომელმაც 15 სექტემბერს, მომიტინგეებს შორის იარაღის დემონსტრირებისთვის არასრულწლოვანს იარაღი წაართვა, ძალადობის მუხლით საქმე აღძრა“.
მისივე თქმით, მომხდარში მონაწილე ორივე მხარემ გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლოს.
„დეტალები მეც დაახლოებით ის ვიცი, რაც თქვენ, ანუ რაც საჯაროდ გაცხადდა. არავის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გამოძიება. მე როგორც საჯარო წყაროებიდან ვიცი, არის ძალადობაზე გამოძიება, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ფაქტია, იქ მოხდა კონფლიქტი, ჩხუბი, ფიზიკური შეხლა-შემოხდა და ამას ჰქვია ძალადობა. პროკურატურა იძიებს ამ ძალადობის ფაქტს. თვითონ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, არავის წინააღმდეგ არ მიდის. იქ არავინ არაა ეჭვმიტანილად გამოცხადებული, ბრალდებულად, ან ა.შ. ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ორივე მხრიდან ცნობილია მონაწილეები. აუხსნან სიტუაცია, რა იყო. ნაწილი დაფიქსირებულია კამერაზე, ნაწილი ალბათ, არ არის. ამიტომ არის საჭირო, ყველამ ითანამშრომლოს გამოძიებასთან. აღწერონ სიტუაცია, რა მოხდა და ამით გაირკვევა სიმართლე. სხვა როგორ გინდათ, ჩხუბი მოხდა და არაფერი გააკეთოს ვინმემ?! თუ ვინმე ვინმეს იარაღს უმიზნებდა და გამოართვა, კარგია. უთხრან ეს ყველაფერი გამოძიებას, მე რა გითხრათ?!,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი, რომელიც 15 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან პარლამენტამდე მიმავალი საპროტესტო მარშის მონაწილეებს იარაღით დაემუქრა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაათავისუფლეს, რადგან "იარაღი ცეცხლსასროლი არ აღმოჩნდა".
არასრულწლოვანი მოქალაქე ლევან ჯობავამ განაიარაღა და მისივე თქმით, იარაღი პოლიციას გადასცა, რის შემდეგაც პოლიცია მას საათზე მეტი დროის განმავლობაში ადვოკატის დაუსწრებლად კითხავდა.
ჯობავას ადვოკატის, მარიამ ჯიქიას ინფორმაციით, შსს-მ არასრულწლოვანის გათავისუფლების პარალელურად გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით.