რამდენიმე ევროპულ აეროპორტში, მათ შორის ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტსა და ბრიუსელის აეროპორტში, ჰაკერული თავდასხმის შემდეგ, კვლავ შეფერხებებია.
ბერლინის აეროპორტის ვებვერდზე განთავსებულია გაფრთხილების ფანჯარა, რომ „ტექნიკური გაუმართაობის გამო, ლოდინის დრო შეიძლება გახანგრძლივდეს“.
მგზავრებს ურჩევენ, დარეგისტრირდნენ ონლაინ, გამოიყენონ აეროპორტის რეგისტრაციის აპარატები და ბარგის ჩაბარების ექსპრეს სისტემები.
თუმცა, ეს შეუძლებელია მგზავრებისთვის შშმ პირთა ეტლით, საბავშვო ეტლით ან დიდი ზომის ბარგით. მათ, სირთულეების მიუხედავად, რეგისტრაციის პუნქტების გამოყენება მოეთხოვებათ.
თავდაპირველ განცხადებაში, ბერლინის აეროპორტი მიუთითებდა, რომ იგი არ იყო თავდასხმის სამიზნე, არამედ ირიბად დაზარალდა.
19 სექტემბრის საღამოს, კიბერთავდასხმა განხორციელდა IT პროვაიდერ Collins Aerospaces-ზე. იგი ოპერირებს აერონავტიკისა და კოსმოსური ინდუსტრიების სფეროში. კომპანია უზრუნველყოფს რეგისტრაციისა და მგზავრების დამუშავების მომსახურებას ბერლინის, ბრიუსელის, დუბლინის და ლონდონის ჰითროუს აეროპორტებში.
ბრიუსელის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმა რეგისტრაციისა და ჩასხდომის სისტემებზეც განხორციელდა.
Eurocontrol-მა ავიაკომპანიებს სთხოვა, ბრიუსელიდან და ბრიუსელის მიმართულებით რეისების ნახევარი 22 სექტემბრის დილამდე გაეუქმებინათ.