ირანის უმაღლესმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მიერ თეირანის წინააღმდეგ გადადგმული „გაუაზრებელი“ ნაბიჯების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობა შეაჩერებს.
შაბათს, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
თანამშრომლობისა და ბირთვული საკითხის გადაჭრის გეგმების წარდგენის მიუხედავად, „ევროპული ქვეყნების ქმედებები ფაქტობრივად აჩერებს სააგენტოსთან თანამშრომლობას“.
„სხვა საკითხებთან ერთად, განხილული და შესწავლილი იქნა სამი ევროპული ქვეყნის [დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის] დაუფიქრებელი ქმედებები ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცახდებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე დაევალა კონსულტაციების გაგრძელება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით, უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებების ფარგლებში.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ პარასკევს უარყო წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების გაგრძელების შესახებ და აღადგინა შეზღუდვები, რომლებიც 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებამდე მოქმედებდა.
აგვისტოს ბოლოს, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებიც ირანის ბირთვული შეთანხმების ევროპული გარანტები არიან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახალი დაწესების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ეს მოხდა თეირანთან მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობის ფონზე, საიდანაც ევროპელებმა მოითხოვეს კონკრეტული ვალდებულებები ბირთვული იარაღის შემუშავებაზე უარის თქმის შესახებ.
სამ ევროპულ ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს ვადა მომავალი კვირის ბოლომდე, რათა ირანთან შეთანხმდნენ დათმობებზე, რამაც შეიძლება სანქციების დაწესება თავიდან აარიდოს. თუმცა, დიპლომატები ასეთ შედეგს მაინც ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირდაპირ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ სანქციები აღდგება.