რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულ გამანადგურებლებს ესტონეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.
„19 სექტემბერს, სამმა რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა კარელიიდან კალინინგრადის ოლქის აეროდრომზე დაგეგმილი ფრენა განახორციელა,“ - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში
უწყებაში ამბობენ, რომ გამანადგურებლების ფრენა „საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესების მკაცრი დაცვით“ განხორციელდა და, „სხვა სახელმწიფოების საზღვრები არ დაურღვევია“.
„ფრენის დროს რუსულ თვითმფრინავებს არ გადაუხვევიათ შეთანხმებული საჰაერო მარშრუტიდან და არ დაურღვევიათ ესტონეთის საჰაერო სივრცე. თვითმფრინავების ფრენის მარშრუტი ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში, კუნძულ ვაინდლოოდან სამ კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სამი რუსული გამანადგურებლის მიერ ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიჰალმა განაცხადა, რომ რუსული საბრძოლო თვითმფრინავების გამო, ესტონეთი ნატო-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას მოითხოვს.