აფხაზეთში მოქმედი მოძრაობა "არუაა" რომელშიც 1992-1993 წწ მომხდარი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე სეპარატისტები არიან გაწევრიანებულნი აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისგან და სერგეი ბაღაფშისგან ევროპულ სტრუქტურებთან თანამშრომლობის შეწყვეტას მოითხოვს. ისინი ასევე მოითხოვენ პიტერ სემნების პერსონა "ნონ-გრატად" გამოცხადებას და კოდორის ხეობაში ქართველი დევნილების დაბრუნებას ეწინააღმდეგებიან.
აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "27 იანვარს აფხაზეთში მყოფმა ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებმა გააკეთა განცხადება 2010 წელს მიღებული ანტიაფხაზური პოლიტიკის განვითარების შესახებ, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება - აუღიარებლობა და ჩართულობა. ეს ნიშნავს მექანიზმების განვითარებას, რომლებიც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ინტეგრაციას უწყობს ხელს", _ ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ე.წ. ვეტერანები წინააღმდეგნი არიან კოდორის ხეობაში ქართველი დევნილების დაბრუნებისა და აცხადებენ, რომ იქაური ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა სამხედრო დამნაშავეა.
"ორგანიზაცია "არუაა" სერგეი ბაღაფშისგან მოითხოვს: 1. გადაუხვევლად განაგრძოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს კურსი, რომელიც ვლადისლავ არძინბამ შეიმუშავა და უარი თქვას ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიან აფხაზეთის უსაფრთხოებას. 2. აფხაზეთის პარლამენტმა განიხილოს კანონპროექტი დევნილების სტატუსის შესახებ, რომელშიც ნათლად იქნება გაწერილი თუ როგორ ადამიანებზე არ გავრცელდება დევნილის იმუნიტეტი. 3. პიტერ სემნები და სხვა დიპლომატები, რომლებიც ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვენ რომლებიც აფხაზეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან აფხაზეთში პერსონა "ნონ-გრატად" გამოცხადდნენ", _ ნათქვამია განცხადებაში.