აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ მისი მიზნების მიღწევაში.
„ღაზის მოსახლეობა უკეთეს მომავალს იმსახურებს, მაგრამ ეს უკეთესი მომავალი ვერ დაიწყება მანამდე, ვიდრე „ჰამასი“ არ იქნება განადგურებული“, - განაცხადა რუბიომ იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. იუწყება AFP.
„შეგიძლიათ ჩვენი ურყევი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, - აღნიშნა მან ისრაელის მთავრობის მეთაურისადმი მიმართვისას.
„ჰამასმა“ უნდა შეწყვიტოს არსებობა, როგორც შეიარაღებულმა სუბიექტმა, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - განაცხადა მარკო რუბიომ და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ასევე გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას ირანზე, ვიდრე. ქვეყანა „კურსს არ შეცვლის“. იუწყება Reuters.
თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს, როგორც „ნათელ სიგნალს იმისა, რომ ამერიკა ისრაელის გვერდით დგას“ და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის დონალდ ტრამპს ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარი უწოდა
ისრაელში ჩასვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ ხაზი გაუსვა, რომ ტრამპი „უკმაყოფილოა“ კატარის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმებით, თუმცა ვაშინგტონი ისრაელის მხარდაჭერას გააგრძელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი კატარში „ჰამასის“ ლიდერებზე ისრაელის საჰაერო დარტყმიდან რამდენიმე დღეში მოხდა.
AFP-ის ცნობით, 15 სექტემბერს, არაბული და მუსლიმური ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები დოჰაში შეიკრიბნენ, რათა განიხილონ ისრაელის თავდასხმაზე ერთობლივი რეაგირება.