ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.
გაზეთ "Guardian"-ის შეფასებით, ეგვიპტე, ტუნისი, ირანი და პაკისტანი - ყველა ეს მუსულმანური სახელმწიფო თვითგამორკვევის აგონიაშია. დასავლეთის ერთადერთი წვლილი კი მათი ორი მეზობლის - ერაყისა და ავღანეთის სისხლის მდინარეებსა და ქაოსში ჩაძირვაა.
"ეს ჩვენი კონტინენტი არ არის, ეს ჩვენი ქვეყნები არ არიან და ეს ყველაფერი ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ მათ თავი უნდა დავანებოთ", - წერს ჟურნალისტი საიმონ ჯენკინსი.
სტატიაში, რომლის ქართულ ვარიანტსაც "Fორეიგნპრესს"-ი აქვეყნებს, ასევე ნათქვამია, რომ ტუნისელებისა და ეგვიპტელების ქმედებებს, რომლებიც რევოლუვიურ ძალაუფლებას ამკვიდრებენ დასავლეთი იწონებს მაშინ, როცა მსგავსი უფლება ერაყელებისა და ავღანელებისთვის არ მიუცია.
"ჩვენ ფარისევლები ვართ. ვიწონებთ მამაც ტუნისელებსა და ეგვიპტელებს მაშინ, როდესაც ისინი ქუჩის რევოლუციურ ძალაუფლებას ამკვიდრებენ. ხელები შორს, ვყვირივართ ჩვენ... მაგრამ მსგავსი უფლება ერაყელებსა და ავღანალებისთვის არ მიგვიცია. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ უნდა გვეკარნახა ის, თუ ვის უნდა ემართა ისინი. მათი ლიდერები კრიმინალში დავადანაშაულეთ და ყველას დასჯა გადავწყვიტეთ, ამასობში კი ათასობით ადამიანი მოვკალით. გამოვაცხადეთ "თავისუფლების პროგრამა" და ბომბები დავუშინეთ", - წერს "Guardian"-ი.
ამასთან, ამავე სტატიაში ჟურნალისტი ეგვიპტის მეთაურს სადამ ჰუსეინს ადარებს და ორივეს დიქტატორებად მოიხსენიებს.
"ჰოსნი მუბარაკი მორიგი სადამ ჰუსეინია, საერო დიქტატორი, რომელსაც ეს მუსულმანური ქვეყანა, თავისი ქურდბაცაცა მეგობრების დახმარებით რკინის მარწუხებით უჭირავს. ის სადამივით მდიდარი არ არის, ამიტომ გათვლას ამერიკულ მხარდაჭერაზე აკეთებდა და თავის სისასტიკეში ოდნავ უფრო დახვეწილი იყო", - აღნიშნულია სტატიაში.
ჟურნალისტი იმის ხაზგასასმელად, რომ რევოლუციებს ყოველთვის არ მოაქვს ისეთი შედეგი, როგორიც ხალხს სურს და ხშირად ის უბრალო ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, მსოფლიო რევოლუციების ისტორიებს იშველიებს და ამ კონტექსტში საქართველოში 2003 წელს განხორციელებულ "ვარდების რეცოლუციასაც" ახსენებს.
"ის რაც ეგვიპტეში ხდება, არ შეიძლება სამოქალაქო თავისუფლებების ნებისმიერ მომხრეს არ ახარებდეს. ასე იყო საქართველოს ვარდების რევოლუციის, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის, ბირმაში ზაფრანის რევოლუციის, ირანის მწვანე და ტუნისის ჟასმინის რევოლუციების დროს. იმ ადამიანთაგან, ვინც ამ დიზაინერული ტროცკიზმის პასტელის ტონებს აკვირდებოდა, ცოტას თუ ემახსოვრება, მათგან რომელი იყო წარმატებული და რომელი არა, მაგრამ ტელევიზორში კადრები მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო", - წერს საიმონ ჯენკინსი.
მისივე შეფასებით, დასავლეთი ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებში ღიად და პირდაპირ არ უნდა ჩაერიოს და მხოლოდ ხელისუფლებისთვის რეკომენდაციით შემოიფარგლოს.
"ბრიტანეთი, რომელმაც ისტორიულად ეგვიპტესთან გამკლავების უუნარობა დაადასტურა, რამდენიმე დღის წინ ამ თავი წამოყო. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა, რომ ეგვიპტე ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდეს... ჩვენ გვინდა რომ ეგვიპტეში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებამდე და დემოკრატიამდე გადასვლა ორგანიზებულად მოხდეს". ვის აინტერესებს რა „სურს" ბრიტანეთს ეგვიპტეში? ეგვიპტე ბრიტანეთის პასუხისმგებლობის ზონას არ განეკუთვნება, თუკი მსგავსი რამ ოდესმე იყო. აშშ არანაკლებ აფსურდულ მდგომარეობაშია. ოცდაათწლიანი ჩარევის შემდეგ, როდესაც მუბარაქი ყოველწლიურად 1.5 მილიარდ დოლარს მხოლოდ შეიარაღებული ძალებისთვის იღებდა, ვაშინგტონი, რომელიც მას „რეგიონში სტაბილურობის გარანტად" აცხადებდა, დღეს „ხელისუფლების ორგანიზებულ გადაცემას" ითხოვს. ახლა ყველა მოკავშირემ იცის, რომ განსაცდელში მყოფი ამერიკის მეგობარი, ის მეგობარია, რომელიც განსცდელის პირველივე ნიშნების დროს გაქრება. ამერიკას შეუძლია ჩაერიოს, რასაც, როგორც ჩანს ბუში და დონალდ რამსფელდი გააკეთებდნენ, ბლერი კი მათ ზურგს უკან იღუღუნებდა. მას შეუძლია მუბარქს რეჟიმის რეფორმირება და ამავდროულად თანამდებობაზე დარჩენა მოსთხოვოს. რადგან ვაშინგტონის აზრით ახლო აღმოსავლეთი დენთის კასრია, რომელიც ეს-ესაა აფეთქდება, მან „მუსლიმთა საძმოს" ეგვიპტის მართვის საშუალება არ უნდა მისცეს. ბუში ეგვიპტეს „ცუდი ბიჭების" ქუჩიდან ალაგმვას უბრძანებდა. რა საჭიროა ტანკები? ან ეს F-16 ტიპის გამანადგურებლები, რომლებიც ცაში უსაქმოდ დაფრინავენ? ჩამოყარონ ბომბები, როგორც ბრიტანელი და ამერიკელი პილოტები აყრიდნენ სერბებს, ერაყელებს და ავღანელებს. კონტროლი არ დაკარგოთ, თორემ მოლები ყელში გვწვდებიან. დასავლეთის უსაფრთხოება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის მასების პასუხისმგებლობის ამარა არ უნდა დავტოვოთ. ან ვაშინგტონს სხვაგვარად ჩარევაც შეუძლია. მუბარაქს უთხრას, რომ მან ყველა რესურსი ამოწურა და „რეჟიმის შეცვლის ორგანიზება მოახდინოს". არ არის საჭირო აჯანყებულების იმედზე ყოფნა, რომელთაგან ნახევარი ალბათ ექსტრემისტია. ამერიკას შეუძლია ძალით მოიშოროს მუბარაქი, როგორც მოიშორა მულა ომარი და სადამ ჰუსეინი. დაანახოს ქაიროს რა არის შოკი და თრთოლვა. დემოკრატები და რესპუბლიკელები, ლეიბორისტები და კონსერვატორები მხარს უჭერდნენ ამ სტრატეგიას სხვა ადგილებში - მათ სწამდათ, რომ დასავლეთს აქვს უფლება და ვალდებულება გადაწყვიტოს ის, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეჟიმების ცვლა მუსულმანურ ქვეყნებში. ის რაც კარგი იყო ავღანელებისა და ერაყელებისთვის, ეგვიპტელებსაც დაეხმარება, მეტიც, შეიძლება ირანელებს და პაკისტანელებსაც დაეხმაროს", - წერს ჟურნალისტი, თუმცა აქვე არ მალავს თავის პირად შეხედულებას და აცხადებს, რომ მსგავსი ჩარევა სიგიჟე იქნებოდა.
"დასავლეთი ერაყსა და ავღანეთში რომ არ ჩარეულიყო, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დროისთვის ერაყი სადამისგან გათავისუფლების გზას გამონახავდა. ხალხი ან არმია გაააკეთებდა იმას, რასაც დღეს ტუნისელები და ეგვიპტელები აკეთებენ და ეს გაცილებით ნაკლებ სიცოცხლედ, არეულობად და ქაოსად დაჯდებოდა. რაც შეეხება ისლამაბადის კლიენტ თალიბებს, ისინი პაკისტანელებს დაემორჩილებოდნენ. ავღანელები კი საკუთარი თავის გარდა, საფრთხეს ვერავის შეუქმნიდნენ. იმან, რასაც ისტორია მომავალში „11 სექტემბრის ომებს" შეარქმევს, მოკლა იმაზე უსაზღვროდ მეტი ადამიანი, ვიდრე თავად 11 სექტემბერმა. ეს ომები დასავლელ გადასახადის გადამხდელებს მილიარდები დაუჯდა, რაც მსოფლიოში დაავადებების და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაზე შეიძლება დახარჯულიყო. ამერიკის და ბრიტანეთის მთავრობებმა იმ მიზეზებით, რომელიც რაღაც გაურკვეველი იმპერიული პარანოოის უკან იმალება, საფრთხე რომელსაც მათთვის მუსულმანური სამყარო წარმოადგენს, აფსურდულ მასშტაბებამდე გაზარდეს. მათ საკუთარი ნაპირებიდან ძალიან შორს წამოიწყეს ინტერვენციების, რეჟიმების შეცვლისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობების კამპანია. ეს კამპანია უაზრო და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და დაარღვია გაეროს ქარტია თვითგამორკვევის შესახებ", წერს "Guardian"-ი.
ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება "Le Monde"ც-და მთელ სტატიას უცხოეული ჟურნალისტების ცემის ფაქტებს უთმობს, რასაც მკაცრად აკრიტიკებს.
"2 თებერვალს ქაიროში ბევრი ის უცხოელი ჟურნალისტი დაზარალდა, რომელიც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებს აშუქებდა", - წერს გაზეთი.
უცხოელი ჟურნალისტების ცემის ფაქტები დღის თემაა "AFP"-ის, ბელგიური გაზეთ "Le Soir"-ისა და შვედური გამოცემა "ftonbladet "-თვისაც.