სეპარატისტულ აფხაზეთში კვლავ რუსეთის მთავრობის დელეგაციაა ჩასული, რომელიც ამოწმებს, თუ რამდენად კარგად მიდის რეალიზება აღდგენის კომპლექსური გეგმისა, რომლის დაფინანსებასაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს.
რუსეთის მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთის რეგიონალური განვითარების, ჯანდაცვის, ტრანსპორტის, განათლების და კავშირგაბმულობის სამინისტროს წარმომადგენლები. რუსეთის დელეგაცია აფხაზეთში სამი დღის განმავლობაში დარჩება. სულ დელეგაციაში 13 კაცია და მას რუსეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსი ნიკიტა ისაევი ხელმძღვანელობს.
აფხაზეთში მყოფი რუსული დელეგაცია აპირებს ინსპექტირება მოახდინოს ყველა იმ ობიექტისა, რომლებიც რუსული სახსრებით შენდება.