აშშ და ჩინეთი ბოლო დროს კოსმოსური შეიარაღებების საიდუმლო მარათონში არიან ჩართულნი და ამის გამო ამერიკელები ისეთი შეშფოთებულნი არიან მოწინააღმდეგის პროგრესით, რომ პეკინს სამხედრო პასუხითაც დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუკი ის არ გაჩერდება. ყოველივე ეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დეპეშებიდან ირკვევა, რომელთა ნაწილი ინტერნეტ-გვერდმა "ჭიკიLეაკს" ახლახანს გამოაქვეყნა. მათ შინაარსს ბრიტანული "თჰე Dაილყ თელეგრაპჰ"-ი აქვეყნებს.
ორი ბირთვული ზესახელმწიფო პერიოდულად ერთმანეთს ძალის დემონსტრირებას უწყობს და ამისათვის ურთულეს და თანამედროვე იარაღს იყენებს. დაძაბულობა კი მათ შორის იზრდება და ახალი სამხედრო ფრონტის გახსნის შესაძლებლობასაც კი არ გამორიცხავს.
ყველაფერი 2007 წლის იანვარში დაიწყო, როდესაც ჩინეთმა რაკეტით თავისი მეტეოროლოგიური თანამგზავრი გაანადგურა, რომელიც ორბიტაზე იმყოფებოდა და დედამიწიდან 800 კილომეტრით იყო დაცილებული.
თეთრ სახლში ამ ახალი ამბით შოკირებულნი იყვნენ. სარაკეტო დარტყმამ ჩინური თანამგზავრი ათასობით ნამსხვრევად დაშალა, რომლებმაც ორბიტაზე ქაოსი შექმნა და იქ არსებულ და მოქმედ როგორც სამოქალაქო ისევე სამხედრო ამერიკულ თანამგზავრებს საფრთხე შეუქმნა. დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით აშშ კიდევ დიდი დროის განმავლობაში ცვლიდა თავისი აპარატების კურსს და მათ ნამსხვრევებთან დატაკებას არიდებდა.
2008 წლის თებერვალში ამას ამერიკელების "პასუხი" მოყვა - წყნარ ოკეანეში მყოფი კრეისერის ბორტიდან მათ რაკეტა გაუშვეს და საკუთარი ავარიული თანამგზავრი-ჯაშუში გაანადგურეს. ამით ვაშინგტონმა დაუმტკიცა პეკინს, რომ მასაც შეუძლია კოსმოსში მდებარე ობიექტებისათვის ზუსტი დარტყმის მიყენება.
ჩინეთის მიერ თანამგზავრისათვის მიყენებული დარტყმის შემდეგ აშშ-მ პეკინში დიპლომატიური პროტესტი გააგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის სხვა და სხვა ქვეყნების კოსმოსურ სისტემებსა და მოსახლეობის უსაფრთხოებას. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ მომავალში ასეთი დარტყმები ამერიკულ კოსმოსურ სისტემაზე გამიზნულ თავდასხმად და კონფლიქტის ესკალაციად შეფასდება.
ნოტის ბოლო ნათქვამია იყო, რომ აშშ უფლებას იტოვებს გაეროს ქარტიისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას თავისი კოსმოსური სისტემები ყველა შესაძლო მეთოდით - როგორც დიპლომატიური ისე სამხედრო.
სახელმწიფო დეპარტამენტის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია ამერიკული გეგმებით იაპონიაში ანტისარაკეტო რადარების განთავსების შესახებ და განსაკუთრებით - სამხედრო ლაზერის შექმნითა და მისი გამოცდით, რომელსაც ძალუძს მოწინააღმდეგის რაკეტის განადგურება ჯერ კიდევ მისი გაშვების სტადიაში, მანამ ვიდრე იგი ქვეყნის ტერიტორიას მიაღწევს. პეკინში მიიჩნევენ, რომ ასეთ შეიარაღებას შეუძლებელია უწოდო
"თავდაცვითი" და იგი "თავდასხმითია".
ბოლო დეპეშა, გაზეთის ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტიდან პეკინში 2010 წლის იანვარში გაიგზავნა. მასში ნათქვამი იყო, რომ დაზვერვამ შენიშნა ჩინეთის მორიგი გამოცდა - ერთმა რაკეტამ წარმატებით ჩამოაგდო მეორე რაკეტა, რომელიც დედამიწიდან 240 კილომეტრში იმყოფებოდა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის შეშფოთება ჩინური კოსმოსური შეიარაღების შესახებ არ გამქრალა და იგი ბარაკ ობამას ადმინისტრაცია "მემკვიდრეობით ერგო".