შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, ბლაგვი საგნის გამოყენებით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.