საქართველოს საზღვართან დეპორტირებული უკრაინის 65 მოქალაქე უკრაინაში დააბრუნეს. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარე ბუფერული ზონიდან უკრაინის 65 მოქალაქის, მათ შორის 10 ქალისა და 8 მძიმედ დაავადებული პირის დაბრუნება მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშეს, რომ ყველა მათგანი იმყოფებოდა „დარიალის“, საკონტროლო-გამშვებ პუნქტში, რუსეთის ქმედებებით შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში.
„უკრაინელმა დიპლომატებმა და კონსულებმა ყველა ღონე იხმარეს მოქალაქეების დასაბრუნებლად და საზღვარზე მათი ყოფნის პირობების გასაუმჯობესებლად, კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით“, - აღნიშნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ.
კლიმენკოს განცხადებით, უკრაინის მოქალაქეები, რომელთაგან ზოგიერთი სასჯელს იხდიდა, ზოგი კი დაკარგულად იყო მიჩნეული, რუსებმა საქართველოსთან სასაზღვრო პუნქტში, ბუფერულ ზონაში გადაიყვანეს დოკუმენტების, საარსებო საშუალებების, ადეკვატური საკვებისა და სამედიცინო მომსახურების გარეშე. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინელები, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა იყვნენ მიტოვებული.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ აღნიშნა, 21-22 აგვისტოს, ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, მოლდოვის ტერიტორიის გავლით საქართველოდან უკრაინელების კიდევ ერთი დიდი ჯგუფის წარმატებით დაბრუნება მოხერხდა.
მან აღნიშნა, რომ წინა თვეებში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაუწია ორგანიზება 44 მოქალაქის დაბრუნებას.
ამგვარად, წინა თვეების განმავლობაში „დარიალის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან დაბრუნებული უკრაინელების საერთო რაოდენობამ 109 ადამიანი შეადგინა.
როგორც იუწყებიან, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოსა და მოლდოვაში უკრაინის საელჩოებთან, ჩართულ უკრაინულ უწყებებთან და ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან თანამშრომლობით, აგრძელებს მუშაობას იმ დარჩენილი მოქალაქეების დაბრუნებაზე, რომლებიც გამოთქვამენ უკრაინაში რეპატრიაციის სურვილს.