ამერიკის ეროვნული საზოგადოებრივი რადიო (NPR) იუწყება, რომ ანკორიჯში მდებარე სასტუმროს პრინტერში სტუმრებმა რვა გვერდიანი დოკუმენტი იპოვეს, რომელშიც რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის შეხვედრის გეგმა იყო აღწერილი.
დოკუმენტები ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო Hotel Captain Cook -ის სამმა სტუმარმა იპოვა. სასტიმრო სამიტის ადგილიდან, ელმენდორფ-რიჩარდსონის ბაზიდან, 20 წუთის სავალზე მდებარეობს.
ეს პარასკევს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე მოხდა, შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე.
NPR-მა დოკუმენტის რვა გვერდი გაასაჯაროვა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თავიდან პრეზიდენტებს უნდა ესაუბრათ არა პირისპირ, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, და არა სამი-სამზე, როგორც საბოლოოდ მოხდა, არამედ ორი-ორზე: ამერიკული მხარიდან შეხვედრას უნდა დასწრებოდა დონალდ ტრამპი და სტივ უიტკოფი, რუსული მხარდან კი - ვლადიმირ პუტინი და მისი თანაშემწე იური უშაკოვი.
საბოლოოდ მათ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელები, სერგეი ლავროვი და მარკო რუბიო შეუერთდნენ.
დოკუმენტის პირველ გვერდზე 15 აგვისტოსთვის შეხვედრების თანმიმდევრობა იყო მოცემული, მათ შორის ანკორიჯის ბაზაზე იმ ოთახების კონკრეტული დასახელებები, სადაც შეხვედრები უნდა გამართულიყო.
ასევე ირკვევა, რომ ტრამპი პუტინისთვის საზეიმო საჩუქრის - ამერიკული თეთრთავა არწივის ქანდაკების გადაცემას აპირებდა.
მე-2-5 გვერდებზე მითითებული იყო სამი აშშ-ის თანამშრომლის სახელი და ტელეფონის ნომრები, ასევე 13 ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნის სახელი.
პაკეტის მე-6 და მე-7 გვერდებზე აღწერილი იყო, თუ როგორ და ვისთვის მიართმევდნენ სადილს.
დოკუმენტებში შეტანილ მენიუში მითითებული იყო, რომ სადილი „მისი აღმატებულების, ვლადიმირ პუტინის პატივსაცემად“ გაიმართებოდა.
ადგილების განლაგების გეგმის მიხედვით, პუტინი და ტრამპი სადილის დროს ერთმანეთის პირისპირ უნდა დამსხდარიყვნენ.
დოკუმენტში ასევე მოცემული იყო ერთობლივი სადილის მენიუ და შეხვედრის გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ორი პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციისთვის ერთი საათი იყო გამოყოფილი.
ტრამპსა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრისა და პრესკონფერენციის შემდეგ საქმიანი სადილი და დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა გაუქმდა.
პუტინმა და ტრამპმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრეს, თუმცა მათ კითხვებს არ უპასუხეს.