რთველის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერ გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
„წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ ყურძნის ხარისხზე. მიღებული გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მოუწევს ჭარბი ყურძნის მიღება, დადგენილია ორი ფასი. მეტად დაფასდება ის მევენახე, რომელმაც მოიყვანა ხარისხიანი და კონდიციური ყურძენი. ჩვენი რეფორმები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვზრუნავთ ყურძნის ხარისხზე და ვქმნით პირობებს, რომ ყველა მევენახეს შეეძლოს მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება,“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები და სიახლეები.
„ანალოგიური შეხვედრები გაიმართება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, რათა რთველი უფრო ორგანიზებულად ჩატარდეს და მოსახლეობას გავაცნოთ ის სიახლეები და სიკეთეები, რომლებიც წელს იგეგმება მევენახეებისთვის,“ – განაცხადა გივი მეტრეველმა.
2025 წლის რთველის პროცესში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ შეისყიდის მთელ მოსავალს, ჭარბი ყურძნის მიღებას სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ უზრუნველყოფს. კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო საწარმო 1.50 ლარად ჩაიბარებს, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ - სხვა საღვინე ჯიშებს 1.20 ლარად, არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს, და ასევე დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ათასობით მევენახე-ფერმერს აძლევს სტიმულს, გააგრძელონ ხარისხიანი ყურძნის წარმოება. ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია ქართული მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის.