რუსეთის მიერ უკრაინის მასირებული იერიშის გამო, პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მაღალი დონის მზადყოფნაში მოიყვანა.
ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მიერ Х-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
კომუნიკეში პოლონეთის სამხედროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ხუთშაბათს ღამით უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ შორი დისტანციის საჰაერო დარტყმებთან დაკავშირებით ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდა.
"მოქმედი პროცედურების შესაბამისად, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ აამოქმედა ყველა არსებული ძალა და რესურსი. აფრინდა მზადყოფნაში მყოფი გამანადგურებლების წყვილი, ხოლო საჰაერო თავდაცვისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემები მოყვანილია საგანგებო სიტუაციის უმაღლეს დონესთან შესაბამისობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
21 აგვისტოს ღამით რუსეთმა უკრაინზე დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, ზაკარპატიეს ოლქის ქალაქ მუკაჩოვოში ათზე მეტი ადამიანი დაშავდა. მედიის ცნობით, ზაკარპატიეს ოლქზე თავდასხმა უიშვიათესი შემთხვევაა. მტერმა თავდასხმისას ასობით დრონი დაფრთოსანი რაკეტები გამოიყენა.