„ძლიერი საქართველო – ლელოს“ საგარეო მდივნის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის განცხადებას აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა.
გრიგოლ გეგელიას შეფასებით, ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ნებისმიერი თავისუფლების მოყვარე პროევროპელი, დემოკრატი მოქალაქისთვის, რადგან, მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ არ ასრულებს არცერთ საკვანძო დაპირებას და დავალებას, რაც მას აქვს, რათა ქვეყანამ შეძლოს საკუთარი ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება.
„მინდა, გამოვეხმაურო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატის საერთო საგანგაშო განცხადებას, რომელიც პირველად ისტორიაში მოუწოდებს არა მარტო საპარლამენტო ასამბლეას, არამედ მმართველ მინისტრთა კომიტეტს, გადახედოს საქართველოს წევრობის საკითხს, რადგან ის დედლაინი, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ჯერ კიდევ 2025 წლის აპრილისთვის მისცა „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელსაც უნდა გაეტარებინა შესაბამისი რეფორმები და უნდა ჩაენიშნა ახალი საპარლამენტო არჩევნები, როგორც ყველამ იცის, გავიდა ისე, რომ „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს მიზანმიმართულად არაფერი არ გაუკეთებია პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრის მიზნით. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს 51 ადამიანი აერთიანებს ოთხ სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახს და წარმოადგენს 24 სხვადასხვა წევრ სახელმწიფოს. შესაბამისად, მათ განცხადებას აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური წონა.
ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გადაედგა დადებითი ნაბიჯები და მსოფლიოსთვის ეთქვა, რომ მის მიზნებს და ინტერესებს წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, როგორც წერილი ამბობს, სიტუაცია დრამატულად გაუარესდა. მოხდა პოლიტიკური ლიდერების დევნა და დაპატიმრება, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა და მედიაზე თავდასხმა, რაც რასაკვირველია, არწმუნებს მსოფლიოს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის ერთადერთი მიზანი და ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის სრული და საბოლოო საერთაშორისო იზოლირება, ჩვენი გარიცხვა იმ ინსტიტუტებიდან, რომლებშიც ჩვენ ვართ ისტორიულად და ხელის შეშლა იმისთვის, რომ არ შევიდეთ ახალ შესაბამის ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში. როგორც წერილი ძალიან სამართლიანად აღნიშნავს, ეს აღარ არის იზოლირებული შემთხვევები, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ კამპანიას, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია. ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ნებისმიერი თავისუფლების მოყვარე პროევროპელი, დემოკრატი მოქალაქისთვის, რადგან ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ „ოცნება“ არ ასრულებს არცერთ იმ საკვანძო დაპირებას და მე ვიტყოდი, დავალებას, რაც მას აქვს, რათა ჩვენმა ქვეყნამ შეძლოს საკუთარი ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება.
გადის აგვისტოც და ვხედავთ, რომ არც ის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დედლაინი, რომელიც ევროპული კავშირის მხრიდან არის მიღებული, არ არის შესრულებული, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს ხელისუფლება არ აპირებს არავითარ ევროპულ ინტეგრაციას, ინსტიტუტების განვითარებას, პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრას, არამედ აპირებს, ჩვენი სახელმწიფოსგან შექმნას პრორუსული ნაცრისფერი ჭაობი, რომელიც იქნება კორუმპირებული, ოლიგარქიული არადემოკრატიული, არა უფლებებზე დაფუძნებული, არამედ ნაცრისფერი, რუსული სტილის კორუმპირებული და უპერსპექტივო ჭაობი. ეს არის ის მომავალი, რაც „ოცნების“ რეჟიმს სურს თქვენთვის, მაგრამ ის მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს თქვენთვის, არის განვითარებაზე, ადამიანზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, თქვენი და თქვენი შვილების უფლებებზე და თქვენს მომავალზე ორიენტირებული და ეს მომავალი გულისხმობს არა მარტო ევროპის საბჭოს წიაღში ყოფნას, არამედ ევროპული კავშირის წევრად გახდომას, ნატო-ს წევრად გახდომას, რეალურ მშვიდობას და რეალურ უსაფრთხოებას. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა მავნებელი რუსი ქოცებისგან და გიწვევთ თითოეულ ქართველს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის სახადი, რომელიც საქართველომ უნდა მოიხადოს ერთხელ და სამუდამოდ, რათა ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი სახელმწიფო, მისი ქალაქები, მისი სოფლები და დავუბრუნოთ ეს ქვეყანა საკუთარ, ისტორიულ, ევროპულ გეზს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ დღევანდელ ბრიფინგზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51-მა დეპუტატმა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, საქართველო თუ ავტორიტარული კურსის შეცვლის საკითხში პროგრესს ვერ მიაღწევს, დეპუტატები განიხილავენ ქართული დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრებას.