მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ვლადიმირ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ორმხრივი შეხვედრის მომზადების შესახებ შეთანხმებას მიაღწია, კრემლმა მოლოდინები შეამცირა. აშკარაა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად არ არის უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკებისთვის - არც ახლა და არც მომავალში, წერს CNN.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარი მხოლოდ „წარმომადგენელთა დონის ამაღლების შესაძლებლობას“ ეხება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასძინა, რომ რუსეთი არ უარყოფს არცერთ ფორმატს, თუმცა აღნიშნავს ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრის „ფრთხილად მომზადების“ აუცილებლობა.
„ჩვენ არ ვამბობთ უარს არცერთ ფორმატზე - არც ორმხრივზე და არც სამმხრივზე“, - განაცხადა მან. თუმცა: „ნებისმიერი კონტაქტი, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა მომზადდეს“.
CNN აღნიშნავს, რომ კრემლის ენაზე ეს ნიშნავს, რომ ისინი ამაზე დათანხმებისთვის მზად არ არიან.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლისთვის ზელენსკისთან შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის იმ ქვეყნის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარებას ნიშნავს, რომელსაც რუსული პროპაგანდა წლების განმავლობაში „დასავლეთის მარიონეტად“ წარმოაჩენს.
კრემლი ზელენსკის სახელით მოხსენიებას გაურბის და ტერმინს - „კიევის რეჟიმის“ იყენებს. ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაწყებამდე კი უკრაინაში არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
„პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას კრიტიკულად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, რადგან მისი ომი, პირველ რიგში, დასავლეთთან დაპირისპირებაა. თუმცა, შესაძლოა დათანხმდეს, თუ გარანტიები ექნება, რომ მოსკოვის მოთხოვნები (ტერიტორიული დათმობები) განსახილველი იქნება“, - ამბობს ანალიტიკოსი ტატინა სტანოვაია კარნეგის ფონდიდან.