ოდესის ოლქში SOCAR-ის ნავთობბაზასა და გაზის კომპრესორულ სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით 2 მილიონი დოლარი გამოეყო. ამის შესახებ 1news.az იუწყება.
ერთი დღით ადრე, უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა დაგმეს რუსეთის მიერ აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის ნავთობბაზასა და უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ობიექტებზე მიზანმიმართულ საჰაერო დარტყმები, ასევე აზერბაიჯანული გაზის უკრაინაში ტრანსპორტირებისას განხორციელებულ გაზის კომპრესორულ სადგურზე“ და გამოთქვეს რწმენა, რომ ეს არანაირ გარემოებაში არ გამოიწვევს აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შეწყვეტას.
გავრცელებული ინფორმაციით, ალიევის გადაწყვეტილებით, უკრაინას მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხები გამოეყო აზერბაიჯანში წარმოებული ელექტრომოწყობილობების შესაძენად და გადასაზიდად, რათა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან.
აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება დაევალა.
შეგახსნებთ, Caliber.Az-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა, განიხილოს თავისი არსენალიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნა, თუ რუსეთი გააგრძელებს მტრულ ქმედებებს ბაქოს ინტერესების წინააღმდეგ.
8 აგვისტოს რუსეთმა ოდესის რეგიონში აზერბაიჯანული ნავთობკომპანია SOCAR-ის ნავთობბაზაზე Shahed-ის ტიპის 5 დრონით დარტყმა განახორციელა, რამაც ხანძარი გამოიწვია და დიზელის საწვავის მილსადენი დააზიანა.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს უკვე რიგით მეორე მიზანმიმართული თავდასხმაა აზერბაიჯანთან დაკავშირებულ უკრაინულ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ცოტა ხნით ადრე, თავდასხმა განხორციელდა ბუნებრივი აირის გამანაწილებელ სადგურ „ორლოვკაზე“, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული გაზი უკრაინაში ხვდება.