აზერბაიჯანმა შესაძლოა, განიხილოს თავისი არსენალიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს მოხსნა, თუ რუსეთი გააგრძელებს მტრულ ქმედებებს ბაქოს ინტერესების წინააღმდეგ.
ამის შესახებ Caliber.Az წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ენერგეტიკულ ობიექტებზე თანმიმდევრული თავდასხმა დაიწყეს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს.
„ეს სიტუაცია ბაქოს საპასუხო ზომების მიღებისკენ აიძულებს“, - აღნიშნავს გამოცემა.
8 აგვისტოს რუსეთმა ოდესის რეგიონში აზერბაიჯანული ნავთობკომპანია SOCAR-ის ნავთობბაზაზე Shahed-ის ტიპის 5 დრონით დარტყმა განახორციელა, რამაც ხანძარი გამოიწვია და დიზელის საწვავის მილსადენი დააზიანა.
უკრაინული მედიის ცნობით, ეს უკვე რიგით მეორე მიზანმიმართული თავდასხმაა აზერბაიჯანთან დაკავშირებულ უკრაინულ კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე. ცოტა ხნით ადრე, თავდასხმა განხორციელდა ბუნებრივი აირის გამანაწილებელ სადგურ „ორლოვკაზე“, რომლის საშუალებითაც აზერბაიჯანული გაზი უკრაინაში ხვდება.
10 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ზელენსკიმ აზერბაიჯანის ლიდერს ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ აცნობა.
„უკრაინა ამას რუსეთის მიერ განზრახ მცდელობად მიიჩნევს, დაბლოკოს ენერგეტიკული მარშრუტები, რომლებიც ჩვენთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.