უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მექანიზმი აამოქმედა, რომელიც პარტნიორების შენატანებიდან ამერიკული იარაღის დაფინანსებას მოიცავს.
შმიჰალის თქმით, ახალი მექანიზმი მოქმედებს უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის (PURL) ინიციატივის ფარგლებში და შექმნილია იმისთვის, რომ უზრუნველყოს „უკრაინაში იმ სისტემებისა და იარაღის სწრაფი მიწოდება, რომელთა მიღებაც შეერთებული შტატებიდან დიდი რაოდენობითაა შესაძლებელი“.
„ეს ინიციატივა ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის შეთანხმებების ფარგლებში“, – აღნიშნავს დენის შმიგალი.
მინისტრის თქმით, ახალი დახმარების პაკეტები რეგულარულად გამოცხადდება.
მისივე თქმით, ამავდროულად, ალიანსის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორებს ექნებათ შესაძლებლობა, დააფინანსონ ამერიკული იარაღისა და ტექნოლოგიების მიწოდება „ნებაყოფლობითი შენატანების გზით“
„ნიდერლანდებმა თავის თავზე აიღო პირველი დახმარების პაკეტის დაფინანსება 500 მილიონი ევროს ოდენობით და მოსალოდნელია, რომ იარაღის მიწოდება უახლოეს დროში მოხდება“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი სოციალურ ქსელში.