გენერალ ლებედის სახელობის სამშვიდობო მისიის ჯგუფი 1989 დან 2008 წლამდე პერიოდში მომხდარი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების დაწყებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
ჩრდილო ოსეთში საძიებო რაიონული განყოფილების უფროსი ალან ტატაროვი აცხადებს, რომ ამჟამად საძიებო ჯგუფის წევრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან გარკვეულ საკითხებს ათანხმებენ.
"მიმდინარე წელს ჩვენ ვიწყებთ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის პროექტის რეალიზაციას, რომელიც 1989 წლიდან 2008 წლამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაში დახმარებას გულისხმობს", _ აცხადებს ტატაროვი და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ყველა დაკარგულის შესახებ ინფორმაციის შეგროვება იგეგმება.
"შემდგომ, მომავალში უკვე როდესაც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თანხმობით პროექტის რეალიზაცია დაიწყება, ჩვენ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავებისგან სისხლის შეგროვებას ვაპირებთ იმისათვის რათა რესპუბლიკის გენეტიკური და საინფორმაციო საბუთები შევქმნათ. ეს სამუშაოს მსვლელობისას დაგვეხმარება, იმ შემთხვევაში თუკი ნარჩენებს აღმოვაჩენთ მათი იდენტიფიცირება აღარ გაგვიჭირდება", _ აცხადებს ტატაროვი.
მისივე თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად იგეგმება გენეტიკურ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები