რუსი ტურისტების ნაკადის მოსაზიდად და მათთვის აფხაზეთში მოხვედრის გამარტივებისათვის მიმდინარე წელს საზღვარზე ახალი დიდი ხიდის მშენებლობა დაიწყება. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"წელს ტურისტებისათვის აფხაზეთში გადმოსვლის გამარტივებისათვის ახალი ფართე ხიდის მშენებლობა იგეგმება. ამას გარდა, ადლერში მდებარე კაზაკების ბაზარი გაგრის რაიონში გადავა. იქვე შეიქნება ციტრუსების მიმღები კომპანიაც", _ აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს, რომ, მიმდინარე წელს აფხაზეთში ტურისტული ნაკადი 25 % ით შემცირდა.
"ამის ძირითადი მიზეზი საზღვარშია. სიცხეში დგომა საზღვარზე ბავშვებთან ერთად არც ისე სახარბიელოა, ამიტომაც ბევრმა უარი თქვა მეორედ იქ დგომაზე. ამას დამატებული ფასების მატება. როგორც კი იგრძნეს, რომ აფხაზეთისადმი ინტერესი ამაღლდა და ტურისტები ჩამოდიან ეს იმას ნიშნავს, რომ ფასების მომატება შეიძლება. ჩვენ ამჟამად ამ მიმართულებით სამუშაოს ვაწარმოებთ და ყველას ვაფრთხილებთ, რომ ფასს არ მოუმატონ. ჩვენ იდენტურობა უნდა შევინარჩუნოთ", _ აცხადებს ბაღაფში.