გაგრაში რუსული სკოლის რეკონსტრუქციას კრასნოდარის მხარე აფინანსებს. სკოლის რეკონსტრუქცია მიმდინარე წელს დასრულდება. ეს განცხადება სოჭში კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან Dშეხვედრისას გააკეთა.
"მიმდინარე წელს დასრულდება რუსული სკოლის რეკონსტრუქცია გაგრაში. იგი აფხაზეთის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება. ჩვენ გვეამაყება ის, რომ ჩვენს კეთილ მეზობლებს ვეხმარებით იმ ობიექტების აღდგენაში, რომლებიც ომის დროს განადგურდნენ", _ განაცხადა ტკაჩოვმა.
ამას გარდა, რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მიმდინარეობდა საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოდერნიზაციაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვრის გადაკვეთის პროცედურის გამარტივებას.
ამას გარდა, კრასნოდარის მხარის გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადლერიდან აფხაზეთში გადასასვლელი ახალი ხიდის აშენებაც იგეგმება.