დღეიდან, 2 თებერვლიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელთან დაკავშირებით რუსეთის მხარის მოწმეების დაკითხვას დაიწყებს.
მოსკოვს 10 მოწმე ჰყავს წარდგენილი, მათ შორის რამდენიმე მილიციის და მიგრაციის სამსახურის თანამშრომელია.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმე ეხება 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას, რაც თბილისის შეფასებით, ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
სასამართლომ გასული ორი დღის განმავლობაში მოწმის სახით რამდენიმე დაზარალებული ქართველი დაკითხა. ასევე დაიკითხა იმ პერიოდში, რუსეთში საქართველოს კონსული ზურაბ პატარიძეც.
სტრასბურგში მყოფი ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, სასამართლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელ მათიას იორშსა და საქართველოს სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსაც დაკითხავს, რაც თავად ჩათვალა მიზანშეწონილად.