ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა
მისი თქმით, ახალი შეზღუდვები ითვალისწინებს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარის შემცირებას და ასევე „შავ სიაში“ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 105 გემის დამატებას.
„ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი დაამტკიცა. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლის სამხედრო ბიუჯეტის შემცირებას, კიდევ 105 ჩრდილოვანი ფლოტის გემისა და მათი თანამზრახველების დევნას“, - წერს კალასი X-ზე.
გარდა ამისა, ახალი სანქციები ითვალისწინებს რუსული ბანკებისთვის დაფინანსებაზე წვდომის შეზღუდვებს. რომელ ბანკებზეა საუბარი და რა შეზღუდვები იქნება დაკონკრეტებული არ არის.
სანქციების ქვეშ მოექცევა ასევე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენი.
კალასის თქმით, ჩინური ბანკები, რომლებიც სანქციებს აარიდებენ თავს, შესაძლოა ევროკავშირის ახალი შეზღუდვების ქვეშაც მოხვდნენ.
„ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაზე, ჩინურ ბანკებზე, რომლებიც სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას იძლევიან და დრონებში გამოყენებული ტექნოლოგიების ექსპორტს ვბლოკავთ“, - დასძინა კალასმა.