დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ. ძალიან დიდი დრო ჰქონდათ ამისთვის, - ამის შესახებ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულმა მაკო გომურმა საგამოძიებო ექსპერიმენტის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
მაკო გომურის თქმით, 2029 წლის 20-21 ივნისს, რაც მოხდა ეს სისტემური დანაშაული იყო და ეს თითოეული პირის პასუხისმგებლობაა, ვინც ამ სისტემაში იყო.
„ჰქონდათ დრო იმისთვის, რომ თვითონ ცხელ კვალზე ემუშავათ და დამნაშავეებისთვის მიეგნოთ. სისტემური დანაშაული იყო და ამ სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო ეს დღე. რაც შეეხება პასუხისმგებლობებს, მგონია, რომ თანდათან ყველა ადამიანი თავის წილ პასუხს აგებს და დაიწყო უკვე - ადამიანს იბარებენ კომისიაზე და სთხოვენ იმ ფაქტზე პასუხისმგებლობის აღებას, რაც უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. შესაბამისად, არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ რაღაციდან ოდესმე დაიძვრენს თავს“, - განაცხადა მაკო გომურმა.
პარლამენტთან 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეობდა დაზარალებული მაკო გომური. ამასთან, პროკურატურამ გამოჰკითხა კიდევ ერთი დაზარალებული გიორგი ჭუმბურიძე.