სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტის დროს ევროპელ ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ სომხეთს სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს.
ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, აღნიშნული პროცესის ფარგლებში სომხეთში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად რეფორმები ხორციელდება.
მისივე თქმით, ქვეყანა რომც არ მიიღონ ევროკაბშირში, სომხეთი ევროპული სტანდარტების დონეს მიაღწევს.
„ჩვენ გვაქვს რეფორმების ამბიციური პროგრამა, სტრატეგია და ამ სტრატეგიას, ასე თუ ისე, განვახორციელებთ. ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, ასევე დაგეგმილი სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის რეფორმებს, ვიდრე სომხეთის რესპუბლიკა არ დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ამის შემდეგ კი რეფორმები გაგრძელდება. აქ უკვე ორი ვარიანტია – ან სომხეთს მიიღებენ ევროკავშირში, ან არა. თუ ისინი მიგვიღებენ, ეს ძალიან კარგია, თუ რაიმე მიზეზით არ მიგვიღებენ, სომხეთი მაინც დარჩება თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი ქვეყანა. ორივე შემთხვევაში არ გვაქვს მიზეზი, არ გავაგრძელოთ ჩვენი სტრატეგია“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.